logo
ENG



თბილისში "უკრაინაში ქართული ლეგიონის მხარდამჭერი ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა

24 ოქტ 202322:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/24/vl4retskepch03n.jpg

დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისში "უკრაინაში ქართული ლეგიონის მხარდამჭერი ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ლეგიონის ახალი ოფიციალური ვებგვერდი GL.ge წარადგინეს.

ვებგვერდის მეშვეობით, მსურველები შეძლებენ "ქართული ლეგიონისთვის" შემოწირულობის გაღებას. ამასთან, ვებგვერდზე განთავსდება სიახლეები "ქართული ლეგიონის" შესახებ.

ღონისძიებაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა. ამასთან, მონაწილეობდნენ ქართული ლეგიონის მეთაურის მოადგილე, ლევან ფიფია, ახლად შექმნილი ფონდის ელჩები და დამფუძნებლები, იმ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ წამოწყებაში.

ღონისძიებაზე ქართული ლეგიონის მეთაურის მოადგილემ ლევან ფიფიამ უკრაინაში ტრაგიკულად დაღუპული მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას ოჯახს, უკრაინის ეროვნული გმირის ორდენი გადასცა.

ქართული ლეგიონი მოხალისეობრივი სამხედრო დანაყოფია, რომელიც 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებისას შეიქმნა. ის არის უცხოელებისგან შემდგარი ყველაზე დიდი ფორმირება ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფის მებრძოლები სპეციალურ დავალებებს ასრულებენ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის ყველა ცხელ წერტილში რუსი ოკუპანტებისგან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.


close დახურვა